ირაკლი კირცხალია: "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, ირაკლი კირცხალიას განცხადებით, "დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მიიღებენ. ინიციატივა, რომელიც რამდენიმე პაკეტისგან შედგება და ბიზნესის მოთხოვნებს ეფუძნება, დამსაქმებელთა საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ჯარიმებისგან გათავისუფლებას ითვალისწინებს.

"დაგროვებითი პენსიის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებს დაჩქარებული წესით მივიღებთ. ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ განაცხადა.
მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა და იგი პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს ბიუროს სხდომაზე გააჟღერა.
"მას დაჩქარებული წესით მივიღებთ. ზოგადად, ეს არის კანონპროექტი, რომელიც შედგება რამდენიმე პაკეტისგან. ამნისტიასა და შეღავათებს რომ თავი დავანებოთ, მოწესრიგდება ეს მიმართულება.
ძალიან მნიშვნელოვანია ერთი - როდესაც შენ საუბრობ ბიზნესზე, მეწარმეობაზე, ეკონომიკაზე, ყოველთვის პულსი უნდა გედოს ბიზნესის მოთხოვნაზე. როდესაც აწესებ რაღაც რეგულაციას, მას აუცილებლად უნდა მოერგოს ფიზიკური პირი თუ ნებისმიერი ბიზნესი, მცირე თუ საშუალო მეწარმე და ეს ცოცხალი პროცესია. ბიზნესის, მთავრობისა და სახელმწიფოს კოორდინაციის, ურთიერთობის შედეგია შემდეგ ის გადაწყვეტილება, რომელი გადაწყვეტილებაც დღეს მივიღეთ“, - განაცხადა კირცხალიამ.
მისივე თქმით, დადებითი საკანონმდებლო ცვლილებები კი შემდეგ პირდაპირ აისახება განხორციელებულ ინვესტიციებში.
"ეს ყველაფერი შემდეგ კონვერტირდება იმ ეკონომიკურ ზრდაში, ახალ ბიზნესებში, მოზიდულ ინვესტიციებში და წლიდან წლამდე ახალ უცხოურ ინვესტიციებში, რომელიც ჩვენს ქვეყანაში ხორციელდება. ასე, რომ არ არსებობს არანაირი ეკონომიკური ზრდა, არ არსებობს ბიზნესის განვითარება იმ პირობებში, თუ სახელმწიფო ყოველწუთიერად არ უსმენს ბიზნესის მოთხოვნებს და არ მისდევს იმ გამოწვევებს, რომელიც გამოწვევებიც ნებისმიერ დროს შეიძლება, შეექმნას მცირე, საშუალო თუ დიდ მეწარმეს ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა კირცხალიამ.
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომელიც საპენსიო ფონდის მიერ დაკისრებული ადმინისტრაციული სახდელების - ჯარიმებისგან დამსაქმებელთა გათავისუფლებას ითვალისწინებს.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.