ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს

ბათუმში, სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტიამ „ლელომ“ ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ 38-დან 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა. პარტიის წევრის, ვაჟა დარჩიას თქმით, პრობლემა გამოწვეულია გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოებით, დაგეგმილი პროექტების შეფერხებითა და შესაძლო კორუფციით, რის გამოც ასობით ბავშვი სკოლამდელი განათლების გარეშე რჩება, ხოლო მოქმედ ბაღებში იზრდება სიმჭიდროვე.

ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობს
ბათუმში 9 საბავშვო ბაღმა მუშაობა ვერ განაახლა – „ლელო“ კორუფციაზე საუბრობსბათუმელები

დღეს, 14 სექტემბერს, მთელი ქვეყნის მასშტაბით საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის დაწყების პარალელურად, ოპოზიციურმა პარტია „ლელომ“ ბათუმში ბრიფინგი გამართა საბავშვო ბაღების პრობლემაზე.

ვაჟა დარჩია, ბათუმის საკრებულოს წევრი „ლელოდან“, აცხადებს, რომ ამ სასწავლო სეზონზე მუშაობა ვერ განაახლა ბათუმში მოქმედი 38 ბაღიდან 9 ბაღმა.

„ეს, რა თქმა უნდა, არის ძალიან დიდი მაჩვენებელი. არსებულ ბაღებშიც ვერ იქნება დაცული დადგენილი სტანდარტი, გამომდინარე იქიდან, რომ ამ ცხრა ბაღის აღსაზრდელები არიან გადაყვანილი მოქმედ ბაღებში, შესაბამისად, ძალიან მაღალია ჯგუფებში ბავშვების რაოდენობა.

ბოლო წლების განმავლობაში ბათუმში ასობით ბავშვი ისე გახდა 6 წლის, რომ მშობელმა ვერ მოახერხა ბავშვის ბაღში მიყვანა“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ ბრიფინგზე.

ბრიფინგზე გაჟღერებული ინფორმაციით, სააღმზრდელო პროცესი ისევ შეჩერებულია – #2, #6, #9, #10, #16, #18, #20, #29, #34 საბავშვო ბაღებში.

ბაღების მუშაობის შეჩერების მთავარ მიზეზად წლების განმავლობაში გაწელილი სარეაბილიტაციო სამუშაოები სახელდება.

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება რეაბილიტაციას უტარებს იმ ბაღებსაც, რომლებიც 5-6 წლის წინათ გაარემონტეს. ასევე, დაიხურა ორი ახალაშენებული ბაღი: 34-ე ბაღი თამარის დასახლებაში და 21-ე ბაღი – ლერმონტოვის ქუჩაზე.

„34-ე საბავშვო ბაღი 2018 წელს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ და ბათუმის მერმა საზეიმო ვითარებაში გახსნეს, 7 წლის შემდეგ კი ბაღი დაიკეტა. მიზეზად შენობის ავარიულობა დაასახელეს და მოზარდები სხვადასხვა ბაღში გადაანაწილეს. გასულ წელს 12 ბაღი იყო უფუნქციო, დაპირების მიუხედავად, ბათუმის მერიამ მხოლოდ 3 საბავშვო ბაღის გახსნა შეძლო. ასევე, გაიხსნა 2 ახალი ბაღი.

მიუხედავად ამისა, ქალაქის მზარდი მოსახლეობის ფონზე, მუნიციპალური საბავშვო ბაღების სიმცირის გამო, ყოველწლიურად 2000-მდე ბავშვი რჩება სკოლამდელი განათლების გარეშე.

#9 საბავშვო ბაღში მიმდინარე სამუშაოები კი კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას, ვინაიდან რამდენიმე ბაღის აღსაზრდელებს ერთ შენობაში უყრიან თავს, შედეგად ირღვევა სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები – ადგილების სიმცირე და ბავშვების რაოდენობის სიმჭიდროვე, სათამაშო სივრცეების ნაკლებობა, ძილის რეჟიმის დარღვევა…

ეს პრობლემას უქმნის განსაკუთრებით დაბალშემოსავლიან მოქალაქეებს, ვინაიდან ვერ ახერხებენ მუნიციპალური ბაღების მიღმა დარჩენილი შვილების კერძო საბავშვო ბაღში მიყვანას და იძულებულნი არიან, სამსახური მიატოვონ.

ეს არის კორუფციის ნათელი მაგალითი – ტენდერებს იგებენ ჩინოვნიკებთან დაახლოებული კომპანიები, რომლებსაც, ხშირ შემთხვევაში, არ აქვთ გამოცდილება. შედეგად, რეაბილიტირებული და ახალი ბაღები მალე გამოდის მწყობრიდან, გაფლანგული მილიონების გარდა ბავშვებს არ ეძლევათ სათანადო განათლების მიღების შესაძლებლობა“, – განაცხადა ვაჟა დარჩიამ.

2026 წლის 21 აგვისტოს, ბიუჯეტში ცვლილების შემდეგ, ბათუმის მერიამ 2,6 მილიონი ლარი ამოიღო საბავშვო ბაღების დაფინანსებიდან. აქედან 1.5 მილიონი ლარი ფრიდონ ხალვაშის გამზირზე N188-ში დაგეგმილი ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობის დაფინანსება იყო. ამ ბაღის მშენებლობა ჯერ არ დაწყებულა.

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ხელმძღვანელმა სხდომაზე განმარტა, რომ ეს თანხა 2027 წლის ბიუჯეტში გადააქვთ, რადგან ბაღისთვის გათვალისწინებულ ადგილზე, ე.წ. ბარაკებში მცხოვრებ მოსახლეობასთან მოლაპარაკებები დროში გაიწელა.

გარდა ამისა, „ბათუმელებისთვის“ ცნობილია, რომ ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას, რომელმაც ეს ბაღი უნდა ააშენოს, ავანსის სახით 400 000 ლარი უკვე გადაურიცხეს.

საქმე ისაა, რომ ფრიდონ ხალვაშის გამზირზე, #188-ში, „ოცნების ქალაქთან“ ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა ბათუმის მერიამ 2024 წლის ბოლოს დაგეგმა და 2025 წლის ბიუჯეტში ჩასვა. გასული წლის ბოლოს ამ ბაღის ასაშენებლად ტენდერი გამოაცხადა, გამარჯვებული გამოავლინა და ავანსიც გასცა, თუმცა ამ დრომდე მშენებლობა არ დაწყებულა.

რამდენი ბავშვი მიიღო წელს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანებამ და რამდენი ბავშვი დარჩა ბაღის გარეშე? – ამ კითხვებზე პასუხს „ბათუმელები“ მერიისგან ელის. ინფორმაციის მიღებისთანავე სტატია განახლდება.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: ბათუმელები

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.