პრემიერი: უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა ცალკე საკითხია და მეორეა საუბარი ერებს შორის ურთიერთობებზე, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ ჩვენს ხელისუფლებას, აქვს მკაფიო წითელი ხაზები
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობა და ერებს შორის ურთიერთობები. მისი თქმით, რუსეთის ფედერაციასთან პოლიტიკურ დამოკიდებულებაში ხელისუფლებას აქვს მკაფიო წითელი ხაზები, რომლებიც უკავშირდება ტერიტორიების ოკუპაციას და უკრაინის ომს, ხოლო ერების სიძულვილი და რუსოფობიის დისკურსი ხელოვნურად არის თავსმოხვეული.

რუსოფობიის თემა ერთდროულად აქტუალურიც არის და აბსურდულიც. როცა გვიწევს ჩვენ ერთად სერიოზულად საუბარი იმაზე, რომ კონკრეტული ერის სიძულვილი არის არასწორი მოვლენა, ეს, თავისთავად, მეტყველებს იმ დისკურსის აბსურდულობაზე, რომელსაც ხელოვნურად გვახვევენ თავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არ არსებობს ცუდი ერი და კარგი ერი და ეს არის უმარტივესი მოცემულობა, რომელიც ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნორმა.
„ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის ეს უნდა იყოს უმარტივესი ნორმა. არ არსებობს ცუდი ერი, კარგი ერი და არ შეიძლება, რომელიმე ერი იყოს საძულველი. ეს არის უმარტივესი მოცემულობა, რომელიც ნებისმიერი ჯანსაღი საზოგადოებისთვის უნდა იყოს ნორმა. თუმცა ჩვენ გვიწევს ამ საკითხზე ერთად მსჯელობა იმის გამო, რომ ეს დისკუსია და დისკურსი აბსოლუტურად ხელოვნურად, გარედან მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას თავს.
პირველ რიგში, როდესაც საუბარია რუსოფობიაზე, ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნოს პოლიტიკური საკითხები, რაც დაკავშირებულია სახელმწიფოებს შორის ურთიერთობასთან, ეს ცალკე საკითხია და მეორე, საუბარია ურთიერთობებზე ერებს შორის, დამოკიდებულებებზე ერთი ერის მეორის მიმართ. ორი სხვადასხვა საკითხია,“ - აღნიშნა პრემიერმა.
მისივე თქმით, როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას რუსეთის ფედერაციასთან, აქ საქართველოს ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, აქვს მკაფიო პოზიცია, მკაფიო წითელი ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება.
„როცა საქმე ეხება პოლიტიკურ დამოკიდებულებას კონკრეტულ სახელმწიფოსთან, საუბარია ამ შემთხვევაში რუსეთის ფედერაციაზე, აქ ჩვენ, ხელისუფლებას, რომელიც წარმოადგენს ქართველ ხალხს, გვაქვს მკაფიო პოზიცია, მკაფიო წითელი ხაზები და ძალიან პრინციპული დამოკიდებულება, რაც დაკავშირებულია ჩვენს მთავარ ეროვნულ სატკივართან, ეს არის ჩვენი ტერიტორიების 20 %-ის ოკუპაცია.
ჩვენი პოზიცია ამ საკითხზე არის ძალიან პრინციპული, ჩვენი პრინციპული პოზიცია გამოხატულია სხვადასხვა ფორმით და სხვადასხვა პლატფორმაზე, მათ შორის, სხვადასხვა საერთაშორისო პლატფორმაზე, ჩვენ გვაქვს აქ წითელი ხაზები.
იგივე, როცა საქმე შეეხება საერთაშორისო პოლიტიკურ და სამართლებრივ საკითხებს, მაგალითად უკრაინის ომის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას. აქაც იცით, რომ დაახლოებით 1 000-მდე, 600-ზე მეტი იყო, მერე თვლაც შევწყვიტეთ, ათასამდე აქტია, სხვადასხვა ტიპის აქტი, დოკუმენტი, რეზოლუცია, სხვა ტიპის აქტები, რომელსაც ჩვენი ქვეყანა მიუერთდა და რომელიც არამხოლოდ მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, არამედ პირდაპირ გმობს რუსეთის აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.
მათ შორის, ჩვენ ჰააგაში სამართლებრივ საჩივარსაც მივუერთდით, რასაც, მაგალითად, მოლდოვა არ მიუერთდა.
ანუ ჩვენი მკაფიო დამოკიდებულება, როცა საქმე ეხება სახელმწიფოებს შორის ურთიერთობას, ჩვენი დამოკიდებულება ოკუპაციაზე, ყველა პრინციპულ საკითხზე, ჩვენს ეროვნულ ინტერესებთან დაკავშირებით, უკრაინის ომთან დაკავშირებით, სხვა საერთაშორისო თემებთან დაკავშირებით, ჩვენ გვაქვს გამოხატული, ჩვენს სახელმწიფოს, ხელისუფლებას აქვს გამოხატული.
მეორე საკითხია ერებს შორის ურთიერთობა, საუბარია თან მეზობელ ქვეყანაზე, რომელიც ვერსად წავა, არსად წავა და საუბარია მეზობელ ხალხზე, რომელიც ყოველთვის აქ იქნება, პოლიტიკა ხან ასე იქნება, ხან ისე იქნება, ხალხი ყოველთვის დარჩება იქ, სადაც არის, ყოველთვის დავრჩებით მეზობლებად, თუ რაღაც გლობალური კლიმატური კატაკლიზმები არ იქნა, ან რაღაც, ეს ნახევრად ხუმრობით, ეს არის მოცემულობა.
რაც შეეხება ერის მიმართ დამოკიდებულებას, ამაზე სერიოზულად რომ გვიწევს საუბარი, რომ რომელიღაც ერი შეიძლება იყოს ცუდი და რომელიღაც ერი - კარგი, ამაზე აბსურდული რა შეიძლება იყოს, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ საზოგადოებაზე, მე არ ვიცი.
მაგრამ ასეთი აბსურდული დისკურსიც კი ხელოვნურად თავს მოახვიეს ჩვენს საზოგადოებას. ძალიან მარტივი საკითხია - ერთია პოლიტიკა, სადაც გვჭირდება პრინციპული პოზიცია, წითელი ხაზები და მეორეა დამოკიდებულება კონკრეტული ერის მიმართ,“ - აღნიშნა პრემიერმა.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.