სააკაშვილის ახალი ბრალდებები და დაპირისპირება "ნაცმოძრაობაში" - ყოფილი თანაგუნდელები ერთმანეთს მილიონებსა და ღალატში ადანაშაულებენ
მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ შიგნიდან გაყიდულმა წევრებმა გატეხეს. თავის მხრივ, ყოფილმა თანაგუნდელებმა და „ფედერალისტების“ ლიდერმა ირაკლი ფავლენიშვილმა სააკაშვილი წესების დარღვევასა და ერთობის ჩამოშლაში დაადანაშაულეს, ხოლო ნიკა გვარამიას ნიკა გილაურისგან აღებული მილიონები შეახსენეს.

"ნაციონალების" კულუარულ ფინანსურ გარიგებებზე პოლიტიკური აღსარება მიხეილ სააკაშვილმა ამჯერად სასამართლო პროცესზე თქვა. რუსთავის ციხის პატიმარმა უცვლელ ადრესატებს დღეს უცვლელი ტონით მიმართა და თქვა, რომ "ნაციონალების" ციხე შიგნიდან, გაყიდულმა წევრებმა გატეხეს, რის გამოც მთავარი პასუხისმგებლობა სწორედ მათ ეკისრებათ.
სააკაშვილის პარტიასთან განშორებულებს სააკაშვილის პოლიტიკური ქადაგებები უკვე დიდი ხანია სასაცილოდ ეჩვენებათ, უფრო მეტად კი - ერთობაზე საუბარი, რომელიც, "ფედერალისტების" ლიდერის თქმით, თავად სააკაშვილმა ჩამოშალა წესების დარღვევით.
ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, "ნაციონალური მოძრაობა" აღარ აპირებს, ენის მოჩლექვით ესაუბროს ვინმეს" - ანუ ყოფილ "ნაციონალებს" და მათ შორის იდეოლოგ გვარამიას, მისი ძველებით დაკომპლექტებულ "ახალთან" ერთად, რომელსაც სააკაშვილის გუნდი, ღალატის გამო, მხილებით უკვე საჯაროდ ემუქრება. მიზეზი დიდი ფული და კულუარული გარიგებებია, რომელსაც "ნაციონალები" ყველა ძველ პარტნიორს ახსენებენ და ამტკიცებენ, რომ სწორედ ყოფილი პროკურორი იყო ის, ვინც ოპოზიციური ერთობა დიდი ფულის სანაცვლოდ ჩამოშალა.
განლევად რეჟიმშია თავად სააკაშვილის "ნაცმოძრაობაც", თუმცა განულებამდე განულებას ახლა უკვე სხვებსაც უპირებენ - ასეთია რუსთავის ციხეში დაწერილი სტრატეგიის არსი, რომელზეც პარტიული შეხვედრის შემდეგ ირაკლი ფავლენიშვილმა მედიასთან დღესაც ისაუბრა. წასულ გვარამიას კი ნიკა გილაურისგან აღებული 40 მილიონი კიდევ ერთხელ შეახსენა.
დებატები სააკაშვილის გუნდს კონკრეტული პასუხისთვისაც სჭირდებოდა კითხვაზე - ვინ იყო მრავალმილიონიან ფარულ გარიგებაში გვარამია-გილაურის შუამავალი "ნაციონალური მოძრაობიდან"? ბრალდების მთავარმა ადრესატმა ეს კითხვა ღიად დატოვა, ზუსტად ისე, როგორც ფავლენიშვილის მიერ პოლიტიკური სცენიდან გახსნილი მორიგი ცეცხლი. დღეს გვარამია, მის პარტიასთან ერთად, დუმს - სავარაუდოდ, ფიქრობს, რომ "ნაციონალებს" ამ განცხადებით სათქმელი უკვე საბოლოოდ უთხრა.
გვარამიას პოლიტიკურ სვლას თვითგადარჩენის ინსტინქტად მიიჩნევენ იაგო ხვიჩიას პარტიაში, რომელიც ყოფილმა პროკურორმა "ნაციონალებთან" გარიგებაში უკვე დაადანაშაულა. რებრენდინგის პროცესში მყოფები ყოფილ იდეოლოგად დასახელებულს სააკაშვილის მარიონეტს და მატყუარას უწოდებენ - უწინასწარმეტყველებენ რუსთავის ციხის პატიმრის სადამსჯელო ღონისძიებასაც.
ძველი ცოდვების გახსენებაში ჩაკარგული ოპოზიციის პოლიტიკურ დასასრულს ელოდებიან მმართველ პარტიაში. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ერთ დროს სააკაშვილის ირგვლივ გაერთიანებულები ე.წ. შავი ფულისთვის და უცხოელი დამფინანსებლების თვალში უპირატესობის მოსაპოვებლად იბრძვიან, რაც ძველ თუ ახალ "ნაციონალებს" თვითგანადგურებამდე ბუნებრივად მიიყვანს.
მძიმე მდგომარეობასა და სისუსტეზე მეტყველებს "ნაციონალებში" მიმდინარე დაპირისპირების მორიგი რაუნდი პრემიერ-მინისტრისთვის. ამ თემაზე ირაკლი კობახიძეს შეკითხვა ჟურნალისტებმა დაუსვეს.
შეურაცხყოფებისა და დაპირისპირებისთვის ყველა რესურსს, დროსა და პლატფორმას იყენებენ პოლიტიკურ განქორწინებაში მყოფი "ნაციონალები". მათ შორის - თავად სააკაშვილიც, რომელიც ციხიდან, პერიოდულად, არ ერიდება ყოფილი თანაგუნდელებისთვის მოღალატეების დაძახებას.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.