4 ოქტომბრის საქმე სააპელაციოშია - საპროცესო გაუფორმდება კიდევ ერთ მსჯავრდადებულს
სააპელაციო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმის განხილვისას პროკურორმა ვაჟა თოდუამ განაცხადა, რომ მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძესთან საპროცესო შეთანხმება მიიღწევა, რომლის მიხედვითაც მას ერთწლიანი რეალური და სამი წლიანი პირობითი სასჯელი ექნება. სხდომას არ ესწრებოდა მურთაზ ზოდელავა და თორნიკე მჭედლიშვილი, რომელმაც შეწყალების შემდეგ განაჩენი აღარ გასაჩივრა. საქმეში ასევე წარმოდგენილია სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის „სასამართლოს მეგობრის“ დოკუმენტაცია პაატა მანჯგალაძის, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის მიმართ.

სხდომა სააპელაციო სასამართლოს ყველაზე დიდ, მე-12 დარბაზში გაიმართა. საქმეს მოსამართლე, თეა ლეონიძე განიხილავდა. განხილვას არ დაესწრო პოლიტიკოსი მურთაზ ზოდელავა.
ამ ჯგუფის სხვა მსჯავრდებულები, გარდა თორნიკე მჭედლიშვილისა, რომელიც შეწყალებით გაათავისუფლეს, სხდომათა დარბაზში ბადრაგებმა რიგრიგობით შემოიყვანეს.
პირველი პაატა ბურჭულაძე იყო, დამსწრეები მას ტაშიც შეეგებნენ. მას მოჰყვა: ნიკოლოზ გვენცაძე, ირაკლი ჩხვირკია, ლაშა ბერიძე, გური ჟვანია, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს წვერი ჰქონდა მოშვებული - მას ე.წ. ბლანჟე აქვს.
არც თორნიკე მჭედლიშვილი დასწრებია სასამართლო განხილვას. ადვოკატის ცნობით, მას პრეტენზია არ აქვს და საქალაქო სასამართლოს განაჩენს, შეწყალების შემდეგ, სააპელაციოში აღარ ასაჩივრებს.
პროკურორმა, ვაჟა თოდუამ მოსამართლეს შუამდგომლობით მიმართა, რომლის თანახმადაც მსჯავრდებულ ნიკოლოზ გვენცაძესთან მიღწეულია საპროცესო შეთანხმება.
„პირობა ასეთია, ერთი წელი რეალური სასჯელი და სამი პირობითი მსჯავრი“, - განმარტა მოგვიანებით ჟურნალისტებთან პროკურორმა, ვაჟა თოდუამ.
ნიკა გვენცაძე ცნობილი მარკეტერია, ის წლების განმავლობაში „ჯეოსელის“ მარკეტინგის მენეჯერი იყო. ასწავლიდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში (ჯიპა). დაამთავრა თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის (EMS) სკოლა.
ნიკა გვენცაძეს მშობლები გარდაცვლილ ჰყავს. ერთადერთი და, ამერიკაში ცხოვრობს.
პროკურატურის წარდგენილ ვიდეოკადრებში, ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მახლობლად ჩანს, ერთ-ერთ კადრში კი მიდის რკინის ჯებირთან და სხვებთან ერთად ანჯღრევს, ეზოში არ შედის.
საპროცესოს გასაფორმებლად სააპელაციო სასამართლოში ცალკე სხდომა ჩატარდება და გადაწყვეტილებას, არა მოსამართლე თეა ლეონიძე, არამედ სხვა მოსამართლე მიიღებს. ლეონიძე კი სააპელაციო საჩივრის განხილვას გააგრძელებს.
საპროცესოს გაფორმების შემთხვევაში, ნიკოლოზ გვენცაძე ციხეს 7 ოქტომბერს დატოვებს. კითხვაზე, რატომ შეიცვალა გვენცაძემ აზრი, ადვოკატი ომარ ფურცელაძე ჟურნალისტებს პასუხობს, რომ: „გათავისუფლების შემდეგ მოტივაციასთან დაკავშირებით კითხვები, თავად გვენცაძეს დავუსვათ“.
საჩივარი სააპელაციოში
4 ოქტომბრის საქმეზე, ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრებით დაკომპლექტებულ ბრალდებულთა ჯგუფში, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენი სააპელაციო სასამართლოში მხოლოდ დაცვის მხარემ გაასაჩივრა. პროკურატურას პრეტენზია არ ჰქონია.
განაჩენის თანახმად, ლაშა ბერიძეს, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს, ირაკლი ნადირაძეს და პაატა მანჯგალაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.
თორნიკე მჭედლიშვილს, გური ჟვანიას, ნიკა გვენცაძეს და ირაკლი ჩხვირკიას 5 წლით.
2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად მიუსაჯეს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებული დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) ყოფილ თანამშრომელს ირაკლი შაიშმელაშვილს.
მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე და ირაკლი ნადირაძე დამნაშავედ ცნეს:
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებისა და ბლოკირების მცდელობაში: ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში;
ასევე, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობაში.
ირაკლი შაიშმელაშვილი დამნაშავედ ცნეს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ საქვეყნოდ მოწოდებაში. ის საქართველოში არ იმყოფება.
ლაშა ბერიძეს ორი მუხლით ედავებოდნენ და ორივეში გაამტუნეს. ესენია:
სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა;
ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა;
ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს, თორნიკე მჭედლიშვილს ბრალდება ორი მუხლით ჰქონდათ წარდგენილი. მათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდებასა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში დასდეს ბრალი.
გური ჟვანია მსჯავრდებულია მხოლოდ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობისთვის.
პაატა მანჯგალაძე კი ჯგუფური ძალადობის ორგანიზების გამო.
სასამართლოში, ასევე, წარდგენილია სახალხო დამცველის ლევან იოსელიანის „სასამართლო მეგობრის“ სტატუსით დოკუმენტაცია, რომელიც ირაკლი ნადირაძესა და ლაშა ბერიძესაც შეეხება.
ეს მიმართვა იდენტურია იმ ტექსტისა, რომელიც ომბუდსმენმა სასამართლოს პაატა მანჯგალაძის შემთხვევაში წარუდგინა. შეიცვალა მხოლოდ ის, რომ ლევან იოსელიანმა მისი სამართლებრივი ანალიზის გავრცელება, მანჯგალაძის გარდა ნადირაძისა და ბერიძის მიმართაც ისურვა.
ლაშა ბერიძის ადვოკატის, რამაზ ჩინჩალაძის თქმით, მას შემდეგ, რაც საქალაქო სასამართლოში დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, მან სახალხო დამცველთან განაჩენი და საქმის მასალები მიიტანა.
სახალხო დამცველმა თავიდან შეისწავლა აღნიშნული საქმე და სააპელაციო სასამართლოში წარადგინა საკუთარი მოსაზრება, როგორც „სასამართლოს მეგობარმა“.
„ბუნებრივია, აღნიშნული მოსაზრება გაზიარებული და გათვალისწინებული უნდა იქნეს სააპელაციო სასამართლოში“, - ამბობს ადვოკატი.
ასე არ ფიქრობს პროკურორი. ვაჟა თოდუას მიაჩნია, რომ ომბუდსმენის ანალიზი საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან არ გამომდინარეობს და ამიტომ მოსამართლემ არ უნდა გაითვალისწინოს.
ადვოკატი, საპირისპიროდ ამტკიცებს, რომ ნებისმიერი იურისტი, რომელიც შეისწავლის აღნიშნულ საქმეს, დარწმუნდება, რომ ლაშა ბერიძეს არ განუხორციელებია ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და მის ქმედებაში არ იკვეთება სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
„მას არცერთი პირისთვის არანაირი მითითება, როლის განაწილება, ორგანიზება, ფუნქციების გადანაწილება და მაკვალიფიცირებელი გარემოებები არ განუხორციელებია, რაც აუცილებელია ზოგადად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის და განსაკუთრებით, მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობისთვის, ეს გარემოებები ლაშა ბერიძის მხრიდან სახეზე არ იკვეთება. ვერცერთი მოწმე ვერ იტყვის იმას, რომ ლაშა ბერიძემ რაიმე მითითება ან როლი მისცა, ფუნქციები გაუნაწილა და ასე შემდეგ“,- ამბობს ადვოკატი.
რა დაწერა იოსელიანმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში?
ლევან იოსელიანის მიერ სააპელაციო სასამართლოსთვის წარდგენილ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებაში წერია:
საქმეში არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ პაატა მანჯგალაძე, ირაკლი ნადირაძე და მურთაზ ზოდელავა 4 ოქტომბრის აქციაზე ძალადობისკენ მოუწოდებდა ან გასცემდა ძალადობის შესახებ მითითებას, ბრძანებას ან ინსტრუქციას.
იოსელიანი წერს, რომ მანჯგალაძეს ბრალი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისთვის აქვს წარდგენილი, თუმცა ბუნდოვანია, კონკრეტულად რა ქმედება განახორციელა მან, რაც ამ ბრალდებას დააკმაყოფილებდა.
დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მანჯგალაძე და სხვა პირები საქმეში თავდაპირველად მოხსენიებული იყვნენ აქციის ორგანიზატორებად და არა ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორებად.
იოსელიანი განსაკუთრებით უსვამს ხაზს, რომ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების/თანაამსრულებლობის დასადგენად აუცილებელია ერთობლივი გეგმის, საერთო მიზნისა და წინასწარი შეთანხმების არსებობა, ასევე თითოეული პირის კონკრეტული როლისა და ფუნქციის დადგენა. ამის გარეშე პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას კანონი გამორიცხავს.
„სახალხო დამცველი არ არის მოსამართლე და ის არ წერს, რომ გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. სახალხო დამცველი საკუთარ კვალიფიციურ სამართლებრივ მოსაზრებას წარუდგენს სასამართლოს, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია გაიზიაროს იგი.
.... სახალხო დამცველის მოსაზრება გამოიხატება იმაში, რომ საკმარისი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები არ არსებობს იმისათვის, რომ კონკრეტული პირების მიმართ ადგილი ჰქონდეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობას“,- განაცხადა რამაზ ჩინჩალაძემ.
დღევანდელ სასამართლო სხდომაზე შესავალი სიტყვები იყო დაგეგმილი, თუმცა ნიკოლოზ გვენცაძესა და პროკურატურას შორის მიღწეულმა საპროცესო შეთანხმებამ საქმის განხილვის დაწყება პროცედურულად გადაავადა. არ არის გამორიცხული, რომ ამ ჯგუფში სხვა საპროცესოებიც გაფორმდება.
4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს:
ალექსანდრე ხაბეიშვილი;
ბექა ქელეხსაშვილი;
გიორგი მულაძე;
მამუკა ლაბუჩიძე;
გურიელ ქარდავა;
თემურ ქურციკიძე;
ვახტანგ ფიცხელაური;
და ავთანდილ სურმანიძე;
სერგო მეგრელიშვილი;
გიორგი რურუა;
გიორგი ქორქია;
ლაშა ივანაძე;
ლევან ჯიქია;
ხვიჩა გოგოხია;
ალექსანდრე გოგოლაძე;
გოჩა ყატაშვილი;
სულხან ამბალავა;
რამაზ ჯორბენაძე;
ჯანრი თირქია;
გენადი კეხილაშვილი;
დავით ღურწკაია;
ევა შაშიაშვილი.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლებენ:
საბა კორძაიას (დამატებით 6-თვიანი პატიმრობა);
სიმონ მახარაძეს;
კახაბერ კვაჭანტირაძეს;
გია თოლორაიას;
მიხეილ თოლორაიას;
ავთანდილ თოფჩიშვილს;
იური ლომიძეს;
დავით გიუნაშვილს;
გიორგი ტალახაძეს;
ბექა მაჭავარიანს;
გიორგი კირვალიძეს;
კობა ეპიტაშვილს.
პატიმრობა მიუსაჯეს:
ზურაბ ჭავჭანიძეს („ბათუმელი მედროშე“) - 56 წლის;
ამირან დოლიშვილს - 21 წლის;
ვლადიმერ გველესიანს - 43 წლის;
ალექსანდრე ჩილაჩავას - 44 წლის;
გენადი კუპრეიშვილს - 44 წლის;
სულხან ტუღუშს - 41 წლის;
რამაზ მამულაძეს - 44 წლის;
ანტონ ვარდანიძეს;
გიორგი ჩახუნაშვილს;
დავით ჟღენტს;
კონსტანტინე კოკაიას;
ზაქრო ალბუთაშვილს;
კახაბერ მჟავანაძეს;
დავით სტურუას;
ია დარახველიძეს.
დღეს, 14 სექტემბერს დატოვა ციხე კიდევ ერთმა მსჯავრდებულმა გიორგი კირვალიძემ. მას პატიმრობისთვის გათვალისწინებული 9-თვიანი ვადა ამოეწურა. კირვალიძე 4 ოქტომბრის საქმეზეა მსჯავრდებული. მას თავიდან საპროცესო გაუფორმდა, თუმცა მოგვიანებით პროკურატურამ სააპელაციოს მისი გაუქმების მოთხოვნით მიმართა.
საქმე ისევ დაუბრუნდა საქალაქო სასამართლოს განსახილველად, კირვალიძეს კვლავ ბრალდებულის სტატუსი აქვს, ამიტომ იმუშავა წინასწარი პატიმრობის მაქსიმალურმა ვადამ და ის ციხიდან გაათავისუფლეს.
საქმის განხილვა საქალაქო სასამართლოში გრძელდება. თუ სასამართლომ საპროცესო გააუქმა, კირვალიძეს 5 წლით დააპატიმრებენ.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ამ დღეს ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.