,, არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს არის საქართველოს გავლით მიმავალი რუსული გაზის ნაკადი და საქართველოსაც შეუწყდა?” – რომან გოცირიძე
ანალიტიკოსი რომან გოცირიძე აცხადებს, რომ „გაზპრომის“ მიერ სომხეთისთვის გაზის მიწოდების შეჩერება სარემონტო სამუშაოების გამო, რომელიც საქართველოს გავლით მიმავალ რუსულ გაზს ეხება, საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურასაც ეხება და ხელისუფლება ამაზე საზოგადოებას არ ესაუბრება. „გაზპრომ არმენიას“ ცნობით, სარემონტო სამუშაოები 15-დან 25 სექტემბრამდე მიმდინარეობს.

ანალიტიკოსი რომან გოცირიძე:
,,სახელისუფლებო პროპაგანდისტული არხები ნიშნის მოგებით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ „გაზპრომმა“ სომხეთს გაზის მიწოდება 10 დღით, სარემონტო სამუშაოების გამო, შეუწყვიტა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსაც შეუწყდა. სომხეთი ამბობს, საქართველო მალავს!
რეალურად, ამ ეტაპზე დადასტურებულია მხოლოდ ის, რომ 15-დან 25 სექტემბრამდე რუსეთიდან სომხეთისთვის გაზის მიწოდება შეჩერდება დაგეგმილი სარემონტო სამუშაოების გამო. სამუშაოები რუსეთის ტერიტორიაზე, სტავროპოლის მხარეში ჩატარდება.
არის თუ არა ეს მხოლოდ ტექნიკური რემონტი, თუ კრემლის მხრიდან პოლიტიკური ბერკეტის დემონსტრირებაც, ამას დრო გვიჩვენებს. თუმცა ერთი რამ ცხადია: რუსული გაზი სომხეთში საქართველოს გავლით მიდის. შესაბამისად, ასეთი შეჩერება საქართველოს სატრანზიტო ინფრასტრუქტურასაც პირდაპირ ეხება.
რატომ არ ეუბნება ხელისუფლება საზოგადოებას, რა ხდება საქართველოს სატრანზიტო გაზსადენზე?
რატომ არის საინფორმაციო დღის წესრიგში მხოლოდ ის, რომ „რუსეთმა სომხეთს გაზი შეუწყვიტა“, მაგრამ თითქმის არავინ საუბრობს იმაზე, რომ ეს არის საქართველოს გავლით მიმავალი რუსული გაზის ნაკადი და საქართველოსაც შეუწყდა?
მით უმეტეს, როდესაც ხელისუფლების ერთ-ერთი საყვარელი სიტყვა ბოლო წლებში „დივერსიფიკაციაა“, რაც სინამდვილეში იმას ნიშნავს, რომ რუსულ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე( არა მხოლოდ გაზი) დამოკიდებულებას ახალი შეფუთვა დავარქვათ.
თუ სომხეთამდე მიმავალი რუსული გაზის მილი საქართველოს ტერიტორიაზე გადის, მაშინ ეს მხოლოდ სომხეთის პრობლემა არ არის. ეს არის საქართველოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, სატრანზიტო რისკებისა და რუსეთზე დამოკიდებულების საკითხიც.“
შეგახსენებთ, რუსეთი სომხეთს ბუნებრივი აირის მიწოდებას დროებით უწყვეტს. კომპანია “გაზპრომ არმენია” აცხადებს, რომ მიზეზი სარემონტო სამუშაოებია.
,,რუსეთის ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენზე „ჩრდილოეთ კავკასია – ამიერკავკასია“ დაგეგმილი პროფილაქტიკური და სარემონტო სამუშაოების კომპლექსის ჩატარების გამო, 15-დან 25 სექტემბრამდე პერიოდში სომხეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება აღნიშნული გაზსადენით დროებით შეწყდება“,- განაცხადეს კომპანიის პრესსამსახურში.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ მითითებულ პერიოდში უწყვეტი გაზმომარაგება შიდა რეზერვებისა და ირანიდან ბუნებრივი აირის მიწოდების დამატებითი მოცულობების ხარჯზე განხორციელდება.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.