პროკურორი - ჯუანშერ ბურჭულაძესა და ვასილ მხეიძესთან საპროცესო შეთანხმების პირობად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა იქნა გათვალისწინებული
სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა საპროცესო შეთანხმება თავდაცვის ყოფილ მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძესთან, მის ყოფილ მოადგილე გიორგი ხაინდრავასთან და ვასილ მხეიძესთან. პროკურორ ანა ლეკიაშვილის განცხადებით, შეთანხმების პირობად კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე თანამშრომლობა გაითვალისწინეს, მსჯავრდებულებს კი სხვადასხვა ვადით თავისუფლების აღკვეთა და ფინანსური ჯარიმები შეეფარდათ.

მოცემულ საქმეში ვასილ მხეიძესთან და ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების პირობად გათვალისწინებულ იქნა თანამშრომლობა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, - ამის შესახებ თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის საქმის პროკურორმა ანა ლეკიაშვილმა სააპელაციო სასამართლოში პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადაც თავდაცვის ყოფილ მინისტრ, ჯუანშერ ბურჭულაძეს, მის ყოფილი მოადგილეს, გიორგი ხაინდრავასა და ჯუანშერ ბურჭულაძის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
პროკურორის თქმით, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები წინააღმდეგი არ იყვნენ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე.
„თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება დამტკიცდა, რომლის თანახმადაც ჯუანშერ ბურჭულაძე, ვასილ მხეიძე და გიორგი ხაინდრავა ცნობილ იქნენ დამნაშავედ წარდგენილ ქმედებებში.
ჯუანშერ ბურჭულაძეს სასჯელის სახით განესაზღვრა 5 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 3 წელს მოიხდის პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 2 წელი ჩაეთვლება პირობით. მას დამატებით სასჯელად განესაზღვრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე 2 წლით თანამდებობის დაკავების უფლების ჩამორთმევა. ამასთან, ჩამოერთვა დანაშაულის საგნები, ესპანეთში სახლი, ნუშის ბაღების ქუჩაზე მდებარე სახლი და მასთან არსებული ავტოსადგომი და საზაფხულო ფართი.
რაც შეეხება ვასილ მხეიძესა და გიორგი ხაინდრავას, მათ განესაზღვრათ თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 2 თვის ვადით, საიდანაც 1 წელსა და 2 თვეს მოიხდიან პენიტენციურ დაწესებულებაში, ხოლო 3 წელი ჩაეთვალათ პირობით. ორივე მათგანს ჯარიმის სახით განესაზღვრა 100 000 ლარი.
უშუალოდ, ვასილ მხეიძესთან მიმართებით ქონების ჩამორთმევას რაც შეეხება, ეს ეხებოდა თბილისის საქალაქო სასამართლოში დამტკიცებულ საპროცესო შეთანხმებას ფინანსური პოლიციის საქმეზე. აღნიშნულ საქმეში განსაზღვრული ჰქონდა ქონების ჩამორთმევა და საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნაა, რომ დანაშაულის საგანი გადმოსულიყო ამ საპროცესო შეთანხმებაშიც. როგორც სასამართლომ განაცხადა, ეს აღნიშნული უკვე თითქმის აღსრულებულია.
მოცემულ შემთხვევაშიც ბრალდების მხარემ გაიარა კონსულტაცია თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელთან. მათ დააფიქსირეს, რომ არ არიან წინააღმდეგი საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე და უფლებას იტოვებენ სამოქალაქო წესით მოითხოვონ ზიანის ანაზღაურება.
ჯუანშერ ბურჭულაძესა და სხვა მსჯავრდებულებს დამატებით სასჯელად დაეკისრათ ჯარიმა, ასევე ჯუანშერ ბურჭულაძეს ჩამოერთვა დანაშაულის საგნად მითითებული ქონება.
საპროცესო შეთანხმების საფუძველი ყოველთვის ხდება სასჯელზე შეთანხმება, მათ შორის, ეს შესაძლებელია იყოს თანამშრომლობაზე შეთანხმებაც. მოცემულ საქმეში ვასილ მხეიძესთან და ჯუანშერ ბურჭულაძესთან საპროცესო შეთანხმების პირობად გათვალისწინებულ იქნა თანამშრომლობა კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე და არა კონკრეტული ბრალდებულის წინააღმდეგ“, - განაცხადა ანა ლეკიაშვილმა.
ცნობისთვის, მსჯავრდებულ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს საპროცესო შეთანხმება იმ საქმეზეც გაუფორმდა, რომელზეც 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი. კერძოდ, ჯუანშერ ბურჭულაძესა და მის ცოლის ძმას, ვასილ მხეიძეს, ასევე ბურჭულაძის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ხაინდრავას სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.