კობახიძემ განმარტა, რატომ თქვა გახარიაზე ფრაზა „ბუზი ბევრი ბზუის...“
ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში დებატებისას განმარტა თავისი წარსული განცხადება „ბუზი ბევრი ბზუის...“, რომელიც 2020 წელს გიორგი გახარიას მიმართ გააკეთა. კობახიძის თქმით, ეს შეფასება კოვიდის მართვის პირველ ეტაპს უკავშირდებოდა და წინასაარჩევნო პერიოდში გუნდის წევრის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად, ხოლო მოგვიანებით გახარიას მიმართ პოზიცია შეიცვალა.

ამ საკითხზე მან „რუსთავი 2“-ის ეთერში გამართულ დებატებზე ისაუბრა, როცა გადაცემის ერთ-ერთმა სტუმარმა ლელა ჯეჯელავამ მას ეს ფრაზა შეახსენა და ჰკითხა, როდის არ ტყუოდა - მაშინ თუ ახლა.
„რა განცხადებაც გავაკეთე [ბუზი ბევრი ბზუის...], უკავშირდებოიდა კოვიდის მართვას გიორგი გახარიას მიერ და პირველი ეტაპი კოვიდის მართლაც ძალიან კარგად მართა, ასე იყო. მეორე ეტაპი არ იყო მაინცდამაინც ისეთი ეფექტური. ჩემი განცხადება უკავშირდებოდა სწორედ ამას.
ეს განცხადება გაკეთდა წინასაარჩევნო პერიოდში, როდესაც გიორგი გახარია იყო პრემიერ-მინისტრი და ჩვენი გუნდის ერთ-ერთი ლიდერი. ასეთ დროს, თუნდაც რომ ხედავდე პრობლემებს, აბსოლუტურად ნორმალური მოვლენაა, როდესაც გვერდში უდგახარ შენს თანაგუნდელს...“ - თქვა ირაკლი კობახიძემ.
მანვე აღნიშნა, რომ „იმ მომენტში მე ეს არ ვიციოდი და ამ ისტორიის დეტალები ჩემთვის ცნობილი გახდა მოგვიანებით, როდესაც ამ პროცესის კონკრეტულმა მონაწილეებმა დეტალებში გაიხსენეს ყველაფერი, რაც ხდებოდა...“
იგივე ეხება ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც იმ მომენტში იყო ჩენი თანაგუნდელი... აბსოლუტურად ნორმალურია, როდესაც შენი გუნდის წევრზეა საუბარი და გვერდში უდგახარ. შეიძლება იყოს მომენტები, როდესაც ნდობა გაქვს გამოცხადებული...
„ბუზი ბევრი ბზუის...“
თითქმის ექვსი წლის წინ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ასე დაახასიათა:
„ბუზი ბევრი ბზუის, მაგრამ გახარიასთან ყველა ტყუის. ჩვენ გვყავს რეალურად ერთადერთი ძლიერი და ღირსეული კანდიდატი პრემიერ-მინისტრობისთვის და ის არა მარტო კანდიდატია, არამედ ის არის მომავალი პრემიერ-მინისტრი ჩვენი ქვეყნის, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ქვეყანა დაძლევს პანდემიიდან გამომდინარე პრობლემებს უახლოეს მომავალში, მაქსიმუმ ერთ წელიწადში. ამის შემდეგ, გვექნება ძალიან სწრაფი ტემპით ეკონომიკური განვითარება ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა“.
გახარიას გადადგომა
2021 წელს, მას შემდეგ, რაც მან პოსტი დატოვა და საფუძვლად პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამაგრებული ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე შეუთანხმებლობა დაასახელა, - „ოცნებამ“ მისი მწვავე კრიტიკა დაიწყო.
მას „ოცნების“ ლიდერები თავდაპირველად ღალატსა და შეთქმულებაში ადანაშაულებდნენ. ბოლოს, 2024 წელს კი გახარიას ფიგურა ჩაეწერა „ქართული ოცნების“ შეთქმულების თეორიაში „გლობალური ომის პარტიის“/„დიპ სტეიტის“ შესახებ.
„ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ გადაწყვეტილი ჰქონდა გიორგი გახარიას შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადაყენება, თუმცა:
„როგორც კი ეს გადაწყდა, მან [გახარიამ] მაშინ 15 წუთი ითხოვა. ამ 15 წუთის განმავლობაში გაისმა ზარი „დიპ სტეიტიდან“. მერე გაგრძელდა ეს პროცესები, ტაქტიკურად სწორად ვიმოქმედეთ და მოხდა ისე, რომ გახარიასგან გათავისუფლდა ჩვენი გუნდი და ჩვენი ქვეყანა და მოვლენები დაუბრუნდა კალაპოტს“.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.