რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება - რა წერია კანონპროექტში?
გამოქვეყნებული კანონპროექტის თანახმად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. დოკუმენტის მიხედვით, ფუნქციების ნაწილი მთავრობის ადმინისტრაციას გადაეცემა, ხოლო დასაქმებული საჯარო მოხელეების ნაწილი ახალ უწყებაში უკონკურსოდ გადაყვანილნი იქნებიან.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროები გაერთიანდება. ამის შესახებ დღეს გამოქვეყნებულ კანონპროექტში წერია, რომელსაც ხელს მიხეილ ყაველაშვილი აწერს.
"საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომელიც გადაეცემა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს უფლებამონაცვლედ განისაზღვროს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, გარდა სახელმწიფო რწმუნებულებსა და მუნიციპალიტეტის ორგანოებთან ურთიერთობების კოორდინაციისა და ხელშეწყობის ფუნქციისა, რომლის უფლებამონაცვლედაც განისაზღვროს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია", - წერია კანონპროექტში.
რაც შეეხებათ, სამინისტროებში დასაქმებულ საჯარო მოხელეებს, მათი ბედი დოკუმენტში შემდეგნაირად არის გადაწყვეტილი:
"ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროში. ამ კანონის ამოქმედებამდე საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში დასაქმებული საჯარო მოხელეები, მათ მიერ წერილობით გამოხატული თანხმობის შემთხვევაში, უკონკურსოდ იქნენ გადაყვანილი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმავე თანამდებობებზე, რომლებიც მათ ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის ეკავათ საქართველოს რეგიონული განვითარების სამინისტროში, ასეთი თანამდებობების არარსებობის შემთხვევაში − მათ ტოლფას, ხოლო ტოლფასი თანამდებობის არარსებობისას - მის თანამდებობაზე დაბალ თანამდებობებზე, ასეთის არსებობის შემთხვევაში. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შესაბამისი თანამდებობის არარსებობის შემთხვევაში საჯარო მოხელეს მიეცემა კომპენსაცია კანონმდებლობით დადგენილი წესით", - წერია დოკუმენტში.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.