ცნობილია, ვინ შეცვლის სუს-ში გეკა გელაძეს
ირაკლი კობახიძის განცხადებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის. გელაძემ თანამდებობა დატოვა და, კობახიძის თქმით, შს მინისტრის მოადგილე გახდება. თამაზ ბორაშვილის კანდიდატურა დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გეკა გელაძეს თამაზ ბორაშვილი შეცვლის. ბორაშვილი წლებია სამართალდამცავ უწყებებში მუშაობს. ის ბოლოს სუს-ის უფროსის მოადგილე იყო.
“საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დღეს საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი თამაზ ბორაშვილის კანდიდატურას. თამაზ ბორაშვილი 20 წელიწადზე მეტია, მსახურობს სამართალდამცავ სისტემაში. სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემაში მან მუშაობა ყველაზე დაბალი პოზიციიდან დაიწყო და კონტრდაზვერვის დეპარტამენტში გაიარა თანმიმდევრული კარიერული წინსვლა სხვადასხვა საფეხურზე. 2017-2022 წლებში თამაზ ბორაშვილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში იკავებდა გენერალური ინსპექციის უფროსის პირველი მოადგილისა და გენერალური ინსპექციის უფროსის თანამდებობებს. 2022 წელს ის კვლავ დაბრუნდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სადაც იკავებდა სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსისა და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობებს. წელს კი დაინიშნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილედ.
ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო ორი ათწლეულის მანძილზე თამაზ ბორაშვილი იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის პირველი კარიერული წარმომადგენელი, რომელიც დაიკავებს სახელმწიფო უსაფრთხოების სისტემის ხელმძღვანელის თანამდებობას, რაც, ვფიქრობთ, მნიშვნელოვან როლს შეასრულებს სისტემის ინსტიტუციურ გაძლიერებაში. დარწმუნებული ვარ, საქართველოს პარლამენტი ნდობას გამოუცხადებს თამაზ ბორაშვილს. ბატონ თამაზ ბორაშვილს წარმატებებს ვუსურვებ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე”, – განაცხადა კობახიძემ.
ბორაშვილმა მადლობა გადაუხადა ირაკლი კობახიძეს.
„პირველ რიგში, მადლობას გიხდით გამოცხადებული ნდობისთვის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენისთვის. 20 წელზე მეტია, რაც ჩვენი ქვეყნის ეროვნულ და უსაფრთხოების ინტერესებს ვემსახურები. ჩემი არჩევის შემთხვევაში, განსაკუთრებული პატივი იქნება ამ თანამდებობის დაკავება.
პარლამენტის მიერ ნდობის გამოცხადების შემთხვევაში, შევეცდები ორმაგი ენერგიით შევუდგე ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, უსაფრთხოების გაძლიერებას და დიდი პატივი იქნება ჩემთვის ამ თანამდებობის დაკავება. მადლობას ვუხდი ბატონ გეგა გელაძეს ღირსეული ხელმძღვანელობისთვის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში და წარმატებას ვუსურვებ მას ახალ გამოწვევებში. დიდი მადლობა.“
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი, გელა გელაძე გადადგა. ამის შესახებ მან განცხადება წერილობით გაავრცელა.
ირაკლი კობახიძის თანახმად, გელაძე შს მინისტრის მოადგილე გახდება
“მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა.
პოლიტიკურ გუნდთან კონსულტაციების შედეგად, საქმიანობას სხვა უწყებაში გავაგრძელებ, სადაც კვლავაც მთელი პასუხისმგებლობით მოვემსახურები ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე მუშაობა ჩემთვის იყო უდიდესი პასუხისმგებლობა და შესაძლებლობა, მემსახურა ჩვენი ქვეყნისთვის.
ამ პერიოდის განმავლობაში, სამსახურის თითოეულ თანამშრომელთან ერთად, ჩვენი საქმიანობა მიმართული იყო სახელმწიფოს წინაშე არსებული გამოწვევების ეფექტიანად დაძლევის, საქართველოს უსაფრთხოების განმტკიცებისა და ეროვნული ინტერესების დაცვისკენ.
მსურს, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს პროფესიონალიზმისთვის, თავდადებისა და იმ მნიშვნელოვანი საქმიანობისთვის, რომელსაც ისინი ყოველდღიურად, ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის ახორციელებენ. მადლობას ვუხდი პოლიტიკურ გუნდს, განსაკუთრებით პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს და პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გამოცხადებული ნდობისთვის. დარწმუნებული ვარ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც ღირსეულად გააგრძელებს მისთვის დაკისრებული უმნიშვნელოვანესი ამოცანების შესრულებას და ქვეყნის უსაფრთხოების დაცვას. სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორი გეკა გელაძე “, – ნათქვამია მის განცხადებაში.
გრიგოლ ლილუაშვილის შემდეგ საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს (სუს-ი) 3 უფროსი ჰყავდა: ანრი ოხანაშვილი, მამუკა მდინარაძე, გეკა გელაძე. მათგან ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი უფროსის თანამდებობაზე მდინარაძემ გაატარა. ანრი ოხანაშვილი თანამდებობაზე იყო 5 თვე, მამუკა მდინარაძე თანამდებობაზე იყო თითქმის 8 თვე, გეკა გელაძე – 4 თვე. საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს საქართველოს პარლამენტი 6 წლის ვადით ირჩევს. ამ ვადას ვერც ერთმა ვერ უწია. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამივე მათგანი უშუალოდ ირაკლი კობახიძის კადრად მოიაზრებოდა.
მას შემდეგ, რაც მამუკა მდინარაძემ “ქართული ოცნება” და პოლიტიკა დატოვა, ვრცელდება ცნობები, რომ თანამდებობებს ის პირებიც ტოვებენ, ვინც მასთან დაახლოებულ კადრებად მოიაზრებოდნენ.
გუშინ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის უფროსმა, ლევან ხარაბაძემ პოსტი დატოვა. ინფორმაციას ნეტგაზეთს უწყებაში უდასტურებენ და აცხადებენ, რომ მისი შემცვლელი ორშაბათს დასახელდება. ხარაბაძე სუს-ში მამუკა მდინარაძის უფროსობისას, მისი მოადგილე იყო. ნეტგაზეთის ინფორმაციით, ხარაბაძე მდინარაძის მეგობარია.
თანამდებობა დატოვა შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემაც.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.