თუ რაიმე გვექნება სათქმელი, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემაზე – კობახიძე ირანის ელჩის განცხადებაზე
საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჟანის განცხადებას ირანული ავიაკომპანიებისთვის დაწესებულ შეზღუდვებსა და ფერეიდნელ ქართველებზე ირაკლი კობახიძემ უპასუხა. კობახიძის თქმით, თუ რაიმე სათქმელი ექნებათ, ელჩთან პირადად ისაუბრებენ და ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. მან ასევე გაიმეორა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმს უერთდება და არ უშვებს სანქციების გვერდის ავლას.

„თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით“ – ამბობს ირაკლი კობახიძე საქართველოში ირანის ელჩის, სეიედ ალი მოჯანის განცხადებაზე.
ირანის ელჩმა 14 სექტემბერს სოციალურ ქსელში მორიგი ვრცელი განცხადება გაავრცელა. ის საუბრობს ირან-საქართველოს ურთიერთობებზე და ფერეიდნელ ქართველებზე:
„ირანის ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ბოლო გადაწყვეტილებას, ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს. მისი ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე არ აისახოს; ის შეიძლება შეეხოს ვაჭრობას, ბიზნესმენთა გადაადგილებას, სტუდენტებს, ოჯახებს და ორ საზოგადოებას შორის გაცვლის მრავალფეროვან, დიდ თუ მცირე ქსელებს.
მაგრამ მისი ადამიანური შედეგი უფრო ღრმაა: საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა. ფერეიდანში ოთხასი წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის. ეს საზოგადოება დღეს შეიძლება საქართველოს სოციალური კაპიტალის ნაწილი გახდეს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკასთან ურთიერთობისთვის“, – წერს ირანის ელჩი.
ამას წინ უძღოდა ერთი დღით ადრე საელჩოს სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი, რომელსაც ერთვოდა შავი ზღვის რეგიონის რუკა, სადაც საქართველოს მხოლოდ ნახევარი ჩანდა. პოსტში საუბარი იყო საქართველოს პოზიციაზე, ირანულ ავიაკომპანიებზე აშშ-ის სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.
ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო საერთაშორისო სანქციების რეჟიმს უერთდება:
„ზოგადად ასეთ თემებზე საჯარო განცხადების გაკეთება არასწორია. თუ ჩვენ რაიმე გვექნება სათქმელი ელჩთან, ელჩთან ვისაუბრებთ ამ თემასთან დაკავშირებით. ზოგადად, ჩვენს პოლიტიკას რაც შეეხება თქვენ იცით როგორია ჩვენი მიდგომა, თუ მოქმედებს საერთაშორისო სანქციები, ჩვენ ასეთი სანქციების რეჟიმს ყოველთვის ვუერთდებით. ჩვენ არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას და ვუერთდებით სასანქციო რეჟიმს, ეს არის ჩვენი ზოგადი პოლიტიკა რასაც რა თქმა უნდა, ყველა გაგებით უნდა მოეკიდოს. დანარჩენი თუ რაიმე სასაუბრო გვექნება ამა თუ იმ დიპლომატთან, ჩვენ რა თქმა უნდა ორმხრივ რეჟიმში მათთან ვისაუბრებთ“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ოპერაცია Economic Outcast-ის ფარგლებში სანქციები დაუწესა ირანის ყველა ავიაკომპანიას, მათ შორის, რომლებიც საქართველოში დაფრინავენ. საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ განაცხადა, რომ ირანულ ავიაკომპანიებთან დაკავშირებით აშშ-ს სანქციებს დაიცავს.
25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ.
ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას.
დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება: გახდი „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი, თუნდაც თვეში 1 ლარიდან.
წესებსა და პირობებს დეტალურად შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- რა არის მხარეების საერთო მიზანი?
- რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
- რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.