წაკითხულის გააზრება დღეს უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე 2015 წელს იყო - კიდევ რას აჩვენებს PISA-ს კვლევა
2025 წლის შეფასება რიგით მეცხრე ციკლია. ისტორიულად PISA ყოველ სამ წელიწადში ერთხელ ტარდებოდა. 2025 წლიდან PISA-ს ციკლის ხანგრძლივობა 4 წლამდე გაიზარდა. საქართველო PISA-ში პირველად 2010 წელს (PISA 2009+) ჩაერთო. მომდევნო შეფასებები საქართველოში 2015, 2018, 2022 და 2025 წლებში ჩატარდა.

2025 წლის ციკლში PISA-ში ინტეგრირებულია შეფასების დამატებითი სფერო – „სწავლა ციფრულ სამყაროში“ (Learning in the Digital World), რომლის ნაწილიც არის „პრობლემების გამოთვლითი მეთოდებით გადაჭრა“ (Computational Problem Solving), რაც რეალურად მოსწავლეებში კომპიუტერული მოდელირებისა და პროგრამირების უნარებს აფასებს - ამ მიმართულებით ქართველ მოსწავლეთა მიღწევა, სხვა სფეროებთან შედარებით, ყველაზე მეტად არის დაშორებული საერთაშორისო საშუალოს. კითხვასთან ერთად, ქართველი მოსწავლეების მთავარ გამოწვევად, ამ კვლევის მიხედვით, ახალი კომპიუტერული უნარები ჩანს. კითხვაში ბოლო ციკლის შედეგები კვლავ ჩამორჩება 2015 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
საქართველოს საშუალო ქულების ზრდა მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ძირითადად გამოწვეულია დაბალი შედეგების მქონე მოსწავლეების წილის შემცირებით და არა მაღალი შედეგების მქონე მოსწავლეების მნიშვნელოვანი ზრდით, რაც სხვაგვარად იმას ნიშნავს, რომ სისტემამ შეძლო განსაკუთრებით სუსტი მოსწავლეების გაძლიერება, მაგრამ ვერ უზრუნველყო მაღალი მოსწრების მოსწავლეების გათანაბრება ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყნების თანატოლების სწავლის დონესთან.
დაბალი მიღწევის მოსწავლეთა წილის შემცირების ხარჯზე საქართველომ ამ კვლევაში მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ათწლეულის ფარგლებში (2015-2025) საუკეთესო შედეგები დააფიქსირა.
მიუხედავად პოზიტიური დინამიკისა, საქართველოს შედეგები კვლავ მნიშვნელოვნად ჩამორჩება OECD-ს [ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია] საშუალო მაჩვენებლებს. OECD-ს საშუალო მაჩვენებელთან მიმართებაში ყველაზე მიახლოებული რეიტინგული პოზიცია საქართველოს მათემატიკაში აქვს.
საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში ყველაზე კარგ შედეგებს აჩვენებენ მოსწავლეები ჩინეთიდან, სინგაპურიდან, იაპონიიდან, ესტონეთიდან, კორეიდან, გაერთიანებული სამეფოდან და კანადიდან. მათი მოსწავლეების საშუალო ქულა 2025 წელს 510-სა და 597-ს შორის მერყეობდა. ქართველი მოსწავლეები 422 ქულით სერბეთის, რუმინეთის, მონღოლეთის, კოსტა-რიკის, მოლდოვის, ბულგარეთის, ყაზახეთისა და მალაიზიის მსგავს შედეგებს აჩვენებენ.
წაკითხულის გააზრებით საქართველო 384 ქულით ტაილანდის, ვიეტნამის, პერუს, არგენტინის, საუდის არაბეთის, ბულგარეთის, ეკვადორის, ყაზახეთისა და კვიპროსის მსგავს ნიშნულზეა. ამ კომპონენტში საუკეთესო მაჩვენებლების ათ ქვეყანას შორის არიან კვლავ ჩინეთი, იაპონია და კორეა, ასევე ირლანდია, ესტონეთი, ახალი ზელანდია, გაერთიანებული სანეფო და ავსტრალია.
მათემატიკაში საქართველო 416 ქულით იმაზე სუსტ პოზიციაზეა, ვიდრე მეზობელი აზერბაიჯანი 422 ქულით.
რაც შეეხება ახალ კომპონენტს, პრობლემების გადაჭრა გამოთვლითი მეთოდებით, აქ საქართველო იორდანიის მსგავს ნიშნულზეა. საუკეთესო შედეგებს აჩვენებენ ჩინელი, იაპონელი, ესტონელი, კორეელი, ავსტრალიელი, ახალ ზელანდიელი, კანადელი და ბრიტანელი მოსწავლეები. მათ მოსდევენ შვეიცარია, ჩეხეთი, აშშ და ლიეტუვა.
ათწლიან ციკლში საქართველოს 10-ქულიანი გაუმჯობესება აქვს საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში და 8-ქულიანი მათემატიკაში. ზოგადად, რაც უფრო დიდია ჩამორჩენა განვითარებულ ქვეყნებთან, მით უფრო მარტივია შთამბეჭდავი წინსვლის ჩვენება დროის დინამიკაში.
მაგალითად, ათწლიან ციკლში ყველაზე დიდი წინსვლა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში აქვთ კამბოჯას, თურქეთს, საუდის არაბეთს, ყაზახეთსა და დომინიკის რესპუბლიკას. ასევე - ფილიპინებს, კატარს და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს. ამ ქვეყნების ნაწილი (საუდის არაბეთი, ყაზახეთი, დომინიკის რესპუბლიკა და არაბთა გაერთიანებული საამიროები) საქართველოს მსგავსად რეგრესს განიცდიან წაკითხულის გააზრებაში.
საქართველოს წინსვლა მოკლევადიან დროის ინტერვალშიც წინა ცუდი სასტარტო პირობებითაა გამოწვეული - პანდემიის დროს დანაკარგების ნაწილობრივმა აღდგენამ გამოიწვია 2022 წელთან შედარებით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ცვლილება - თუმცა აქაც საქართველო კამბოჯის, იორდანიის, მონტენეგროსა და არაბთა საამიროების კალათაშია.
2025 წლის შეფასებაში საქართველოდან მონაწილეობდა 265 სკოლის 6855 მოსწავლე. აგრეთვე კონტექსტუალური კითხვარები შეავსეს მოსწავლეთა მშობლებმა, სკოლის დირექტორებმა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მასწავლებლებმა (1350 პედაგოგი).
Quiz: უპასუხებდი PISA-ს კვლევის კითხვებს?
დაიწყე ვიქტორინა
დაწყება
სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს
- ვის ეხება ეს საკითხი ყოველდღიურად?
- ყველას აქვს მონაწილეობის შესაძლებლობა?
- ვინ იზრუნებს შემდეგ ნაბიჯებზე?
მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.