ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიპოლიტიკასტატია

ირანის ელჩი ფერეიდნელებთან „კავშირების გაწყვეტის“ რისკზე წერს

ირანის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვრცელ წერილში შეაფასა საქართველოს გადაწყვეტილება ამერიკულ სანქციებთან შეერთების შესახებ. ელჩის თქმით, საავიაციო და სავაჭრო შეზღუდვებმა შესაძლოა ზიანი მიაყენოს არა მხოლოდ ეკონომიკასა და ტურიზმს, არამედ საფრთხე შეუქმნას საქართველოსა და ფერეიდნელ ქართველებს შორის არსებულ სოციალურ და ადამიანურ კავშირებს, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდნენ ენასა და იდენტობას.

ირანის ელჩი ფერეიდნელებთან „კავშირების გაწყვეტის“ რისკზე წერს
ირანის ელჩი ფერეიდნელებთან „კავშირების გაწყვეტის“ რისკზე წერსრადიო თავისუფლება

იგი წერს „ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნებაზე 400 წლის განმავლობაში“ და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის ასახელებს „საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტას“.

ორი დღით ადრე, 12 სექტემბერს, ირანის საელჩომ თბილისის გადაწყვეტილება ახალ ამერიკულ სანქციებთან შეერთების შესახებ ასე შეაფასა:

„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

ელჩის შეფასებით, თბილისმა ეს გადაწყვეტილება „ამერიკის დიდებისთვის“ მიიღო.

ფერეიდანი - „მნიშვნელოვანი პოტენციალი“

14 სექტემბერს კი ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, სეიედ ალი მოჯანიმ, ფეისბუკის პირად გვერდზე დაწერა მორიგი ვრცელი პოსტი, რომელშიც ირან-საქართველოს ურთიერთობებზე საუბრობს:

წერილი იწყება საქართველოში დანიშვნამდე ერთი კვირით ადრე ალი მოჯანის ფერეიდანში ვიზიტის გახსენებით და მისი დადებითად დახასიათებით:

„ეს არის საზოგადოება, რომელსაც დღეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი სოციალური და ეკონომიკური პოტენციალი, არამედ ადმინისტრაციული და პოლიტიკური შესაძლებლობებიც აქვს და რომლის წარმომადგენელიც ირანის ისლამურ რესპუბლიკაში მოქმედ პარლამენტშიც კი არის არჩეული“, - წერს ელჩი.

ალი მოჯანი წუხს, რომ მისი ელჩობის რვა თვის განმავლობაში „ომმა რეგიონის ეკონომიკას დიდი დარტყმა მიაყენა“, თუმცა „ამავე პერიოდში ირანსა და საქართველოს შორის ეკონომიკურმა ურთიერთობებმა მნიშვნელოვანი ზრდა აჩვენა“.

ის ხაზს უსვამს, რომ „სავაჭრო ბალანსი უფრო მეტად საქართველოს სასარგებლოდ შეიცვალა“ და დასძენს, რომ „დღესაც ორ ქვეყანას შორის საჰაერო მიმოსვლის საკითხი მხოლოდ ტურიზმის საკითხად ვერ განიხილება“.

სანქციები „შეიძლება შეეხოს ვაჭრობას“

„ირანის ავიაკომპანიებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ ბოლო გადაწყვეტილებას, ეკონომიკურ შედეგებთან ერთად, ადამიანური და სოციალური შედეგებიც აქვს“, - ვკითხულობთ ელჩ მოჯანის წერილში.

„მისი ეკონომიკური ზიანი შესაძლოა მხოლოდ ტურიზმის ინდუსტრიაზე არ აისახოს. ის შეიძლება შეეხოს ვაჭრობას, ბიზნესმენთა გადაადგილებას, სტუდენტებს, ოჯახებს და ორ საზოგადოებას შორის გაცვლის მრავალფეროვან, დიდ თუ მცირე ქსელებს“, - აცხადებს იგი.

„მაგრამ მისი ადამიანური შედეგი უფრო ღრმაა“, - წერს ის და განმარტავს:

„საქართველოს საზოგადოებასა და საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ ქართველებს შორის სოციალური და ადამიანური კავშირების გაწყვეტა“.

„ენისა და იდენტობის შენარჩუნება“

შემდეგ ელჩი მოჯანი კვლავ ახსენებს ფერეიდანს, ფერეიდნელების მიერ ენისა და იდენტობის შენარჩუნებას და სანქციებთან საქართველოს შეერთების რისკებს შორის ასახელებს დაშვებას, რომ „საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადამიანური და ეკონომიკური ქსელის ნაწილი შემცირდება“.

„ფერეიდანში ოთხასი წლის განმავლობაში ენისა და იდენტობის შენარჩუნება მხოლოდ ისტორიული საკითხი არ არის.

ეს საზოგადოება დღეს შეიძლება საქართველოს სოციალური კაპიტალის ნაწილი გახდეს ერთ-ერთ უდიდეს რეგიონულ ეკონომიკასთან ურთიერთობისთვის.

თუ საჰაერო, ტურისტული, სავაჭრო და ადამიანური კავშირები შეიზღუდება, ეს მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ რუკიდან რამდენიმე საჰაერო მარშრუტი გაქრება.

ეს ნიშნავს, რომ საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებული ადამიანური და ეკონომიკური ქსელის ნაწილი შემცირდება“, - წერს ელჩი.

ბოლოს ირანის ელჩი წერს, რომ „საქართველოს მომავალი განვითარებისათვის არ სჭირდება არჩევანის გაკეთება აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს, ან სხვადასხვა მარშრუტს შორის“ და მას შეუძლია, „თავად იყოს მათი დამაკავშირებელი ადგილი“.

„განვითარების გზა მეტი მარშრუტია. ხოლო ხიდები, თუ ისინი აშენდება, ყველასთვის არის გასავლელი“, - წერს იგი.

კონტექსტი - მოკლედ

8 სექტემბერს შეერთებულმა შტატებმა ირანის საავიაციო სექტორის მხარდაჭერის გამო 36 კომპანიასა და ორგანიზაციას დაუწესა სანქციები. მათ შორის არიან კომპანიები, რომლებიც საქართველოს მიმართულებით რეისებს ასრულებენ.

მას შემდეგ, რაც თბილისმა განაცხადა, რომ დაიცავს ამერიკულ სანქციებს, საქართველოში ირანის საელჩომ გამოაქვეყნა შავი ზღვის რეგიონის რუკა, სადაც საქართველოს მხოლოდ დასავლეთი ნაწილი, მათ შორის ოკუპირებული აფხაზეთი ჩანს, და განაცხადა:

„[ეს] არის გადაწყვეტილება, რომელსაც პატივი უნდა ვცეთ, როგორც ამ ქვეყნის არჩევანს. თუმცა ირანელები იმოგზაურებენ, ნახავენ და შეიცნობენ... და შესაძლოა, სწორედ ამ ახლის არჩევანში ახალი მეგობრობებიც ჩამოყალიბდეს“.

რუკაზე უკრაინისგან განსხვავებულ ფერშია რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმი გამოსახული; რუკაზე რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი საქართველოს ტერიტორიაა, - ყირიმისგან განსხვავებით, ის არაა გამოყოფილად და განსხვავებულ ფერად აღნიშნული;

იმავე დღეს, 12 სექტემბერს, ირანის საელჩოს გვერდზე ქართულ ენაზე გამოქვეყნდა ცნობა ირანისა და რუსეთის საგარეო მინისტრების მოადგილეების შეხვედრის შესახებ, სათაურით: „ირანისა და რუსეთის მიერ ურთიერთობების განვითარების საერთო მზადყოფნის დადასტურება“.

ირანის ელჩმა სეიედ ალი მოჯანიმ კი 13 სექტემბერს განაცხადა, რომ „დღევანდელ გლობალურ ეკონომიკაში ერთი ... სავაჭრო მარშრუტის გამორიცხვა ყოველთვის არ ნიშნავს ახალი შესაძლებლობის შექმნას“.

მისივე შეფასებით, საქართველომ ეს ნაბიჯი „ამერიკის დიდებისთვის“ გადადგა.

ფერეიდნელები ირანის ფერეიდნის მხარეში გადასახლებული ქართველები არიან, რომლებსაც სამშობლოს დატოვება 4 საუკუნის წინ მოუწიათ.

1616 წელს შაჰ აბასმა შუაგულ ირანში 200 ათასამდე ქართველი გადაასახლა. ფერეიდნელებმა საუკუნეების მანძილზე შემოინახეს ძველი ქართული ენა და ყველა მათგანი დღემდე ქართულად საუბრობს.

თემის გასააზრებლად

სამი კითხვა, რომელიც კონტექსტს გამოკვეთს

  1. რა არის მხარეების საერთო მიზანი?
  2. რომელი არგუმენტები ეყრდნობა გადამოწმებად ინფორმაციას?
  3. რა რჩება დასაზუსტებელი?
მასალის შესახებპირველწყარო: რადიო თავისუფლება

მასალა მიღებულია მითითებული წყაროდან. ავტომატური შეგროვება ფაქტების დამოუკიდებელ გადამოწმებას არ ნიშნავს. news.ge-ის მუშაობის პრინციპებს გაეცანი პროექტის შესახებ გვერდზე.